Foto

სტოლტენბერგი - ნატო-ს შეკავების პოლიტიკის მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა

ფინეთის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარები, ფინეთის თანხმობის გარეშე არ განლაგდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო ფინეთსა და ალიანსის ყველა მოკავშირე ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, ამასთან ერთად მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს შეკავების პოლიტიკის მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა.

„რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში გვაქვს წვრთნები, გვაქვს საზღვაო და საჰაერო წარმომადგენლობა, მაგრამ არ გვაქვს ნატო-ს მუდმივი სამხედრო ბაზები. ეს საკითხი არ ყოფილა პრობლემა ფინეთსა და ნატო-ს დისკუსიებში. რეალობა ისაა, რომ ეს არის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომის შედეგი უკრაინის წინააღმდეგ. ვიცით ფინეთის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს იმ სისასტიკეზე, რომელიც ომმა შეიძლება მიაყენოს ქვეყანას. სისასტიკეს ვხედავთ უკრაინაში და სისასტიკე გაიარა ფინეთმა ზამთრის ომის დროს 1930 -1940 წლებში. ამ ომით პუტინი დაემუქრა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეალურად დაემუქრა ევროპის ყველა ერს, ვისაც სურდა და სურს საკუთარი გადაწყვეტილების მიღება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთმა გადაწყვიტა გაწევრიანდეს ალიანსში და ნატო ძლიერდება, ფინეთი უფრო უსაფრთხო გახდება ალიანსში, სადაც ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ყველა მოკავშირეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ნატო-ს შეკავების პოლიტიკის მიზანი არ არის კონფლიქტის პროვოცირება. ჩვენი მიზანია კონფლიქტის თავიდან აცილება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ნატო-ს ალიანსის გაფართოების საკითხს  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, რუსეთი დამატებით ზომებს მიიღებს.